სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის შეწყვეტას უარყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელზე არცრუნ ოვანისიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოვანისიანის თქმით, აზერბაიჯანის განცხადება არის ხაფანგი, რომელიც არ ნიშნავს ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტას.
მისივე თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, განცხადებას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის უწყება გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივ რეჟიმში, ყარაბაღში, კონფლიქტის ზონაში, ყველა სამხედრო ოპერაცია შეაჩეროს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების საფუძველზე მიიღეს.
თუმცა, თავდაცვის უწყების პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, თუკი სომხური მხარე „პროვოკაციულ ქმედებებს გააგრძელებს, აზერბაიჯანული მხარის პასუხი იქნება მკაცრი და ოპერაცია განახლდება“.
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის ორივე მხარე ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებს.
The post სომხეთი აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის შეწყვეტას უარყოფს appeared first on InfoLab.